ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს სამი ახალი შემთხვევა, სოფელ ხეოთში, ანდრიაწმინდასა და ქალაქ ახალციხეში დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ sknews.ge   ავრცელებს.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 15 ადამიანი დაავადდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები პირი გარდაიცვალა.

რა სიმპტომები ახასიათებს ყირიმ–კონგოს:

ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.

დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.