ლატვიური ავიაკომპანია airBaltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. გავრცელებული ინ ფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 7 იანვრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე airBaltic რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას წყვეტს. ამ დროისათვის დაჯავშნის სისტემებში აღნიშნულ თარიღებზე ავიაბილეთები უკვე აღარ იძებნება.

როგორც  AviaNews-ს საქართველოში airBaltic-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Discovery Group-ის გენერალურმა მენეჯერმა თემურ ბუზალაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი კომპანიის ავიაპარკში საჰაერო ხომალდების რაოდენობა გახდა.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კომპანიას თვითმფრინავების რაოდენობის კუთხით გარკვეული პრობლემა აქვს. თუმცა შემდგომ რეისები განახლდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე ყოველდღიურ რეისებზე გადავა“, – აცხადებენ Discovery-ში.

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic 1995 წელს დაფუძნდა, თუმცა 2008 წელს კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ბაზარზე და რიგის საერთაშორისო აეროპორტში დაფუძნებული ბაზა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ წერტილად აქცია. airBaltic​-ის დამატებითი ბაზები ასევე მდებარეობს ტალინის საერთაშორისო აეროპორტსა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში.

ავიანიუსი