აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს.

 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

 

„აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.