აჭარაში, ონკოპაციენტებისთვის თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტის 50 000 ლარამდე იზრდება. ასევე 35 000 ლარამდე იზრდება იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის ლიმიტი.

ამის შესახებ ცნობილი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ უწყების 2024 წლის პრიორიტეტების შესახებ მოხსენება წარადგინა.

მისი თქმით, მომავალ წელს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 8 მილიონამდე ლარით გაიზრდება.

უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს, აქედან 18 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვას, ხოლო 15 მილიონზე მეტი სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება.

კერძოდ, მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, იგეგმება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების, დაფინანსების წლიური ლიმიტის 50 000 ლარამდე გაზრდა, ასევე 35 000 ლარამდე გაიზრდება იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის ლიმიტი.

სიახლე შეეხება აგრეთვე გადაუდებელი ქირურგიის დაფინანსების წესს. სამინისტრო პაციენტებს, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ გადაუდებელ ქირურგიულ სამედიცინო მომსახურებას, DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში, თანაგადახდა დაუფინანსდებათ სრულად.

სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია პროგრამების ბიუჯეტის და შესაბამისად ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა.