27 აგვისტოს „ბლექ სი არენის“ (Black Sea Arena) ეზოში მდებარე ფრონტ სტეიჯი (Front Stage) ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და სხვა მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი ამჯერად ქართველი მელომანების წინაშე წარდგება.

Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა და მსმენელთა გულები მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები: Walking on a Dream და We Are the People მათი წარმატების მხოლოდ დასაწყისი იყო; თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, Empire of the Sun-ი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

„ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს წარმატებული პროექტების, Pnau-სა და The Sleepy Jackson-ის უკანაც იდგნენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი დისკოგრაფია ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენას განიცდის. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun-ი შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით, Ask That God-ით დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო. ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან ბენდის პირველი შეხვედრა Front Stage-ზე 27 აგვისტოს შედგება“, – აცხადებენ „ბლექ სი არენაში“.

ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე პლატფორმა TKT.ge/EOTS დაიწყება. თუმცა „ბლექ სი არენაში“ Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლონ Pre Sale-ით  და ერთი დღით ადრე შეიძინონ ბილეთები. „თუ უკვე ფლობთ Starring Card-ს, 13 მარტს 09:00 საათზე არ გამოტოვოთ სპეციალურად ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობა, შეიძინოთ ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები“, – აღნიშნავენ „ბლექ სი არენაში“.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი მუსიკოსების საკუთარ ქვეყანაში მოსმენა; განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი და გასართობი ინდუსტრია და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

2025 წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველო და გურიაა!“ – აცხადებენ „ბლექ სი არენაში“.

პირველი არხი