ბიზნესი დასაქმებულებს ხელფასს ვერ გაუზრდის. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია, რამაც კომპანიების უმეტესობას პრობლემა შეუქმნა. ბოლო თვეების განმავლობაში ანაზღაურების ზრდა ისედაც შეჩერებული იყო. მართალია, სტატისტიკა დადებით დინამიკას აჩვენებს, მაგრამ საერთო ფონი მაინც არასახარბიელოა. პოლიტიკურმა დაძაბულობამ ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, ხელფასის ზრდა ტემპი შენელებული ან შეჩერებული იქნება.
რაც შეეხება ციფრებს, "პიემსიჯის" კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%- ით არის გაზრდილი.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2024 წელს არ შეინიშნებოდა შრომის ანაზღაურების თვალსაჩინო მატება. ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო ქვედა რგოლს მოემატა ანაზღაურება. სექტემბრიდან მოყოლებული, წინასაარჩევნოდ და შემდეგ უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში ბიზნესი ძალიან შეზღუდულია. უკვე ორი თვე გავიდა არჩევნებიდან და კერძო სექტორი კვლავ გაურკვევლობაშია.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელფასების მცირე ზრდაზე გავლენა გარკვეული დოზით მიგრაციამაც მოახდინა. კერძოდ, დაბალანაზღაურებადი მოქალაქეების გადინებამ. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" ყურადღება ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა გაამახვილა.
მისი შეფასებით, 2000 ლარი და უფრო მეტი რაოდენობის ხელფასი დასაქმებულთა მცირე ნაწილს აქვს და ასეულობით ათასი ადამიანი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს, ეს განსაკუთრებით ეხება მსხვილ ბიზნესში დასაქმებულებს, როგორიცაა ქსელური მარკეტები და ფარმაცია, სადაც ყველაზე მეტი დასაქმებულია, ხოლო შრომის ანაზღაურება 600-700 ლარის ფარგლებში ან ცოტა მეტი.
"ბოლო დროს კომპანიების უმეტესობა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, ხელფასს ვეღარ ზრდის. პირადად მე წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ადამიანი 2000 ლარიანი სამსახური ჰქონდეს და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდეს. როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი დაბალანაზღაურებადია და მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაში მიდის. ხალხი ხედავს, რომ სტატისტიკურად საშუალო ხელფასი 2000 ლარია, ამ დროს უმეტესობა 1000 ლარსაც ვერ იღებს. ასე რომ არ იყოს, ადამიანები ქვეყნიდან არ გაიქცეოდნენ.
კერძო კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა როცა ,,საქსტატის" სტატისტიკაზეა საუბარი, ვისურვებდი, რომ მინიმალური ხელფასის სტანდარტი გადაიხედოს, რაც მცირედით მაინც შეცვლის მოცემულობას. ვფიქრობ, დროულად უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ნაბიჯები. თუკი მეკითხებით, გაზრდის თუ არა ბიზნესი ხელფასს, ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს ვერც 2025 წელს მოხერხდეს. ბიზნესი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ცვლილებას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით დაბალია და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, მაგრამ კერძო სექტორში აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვთ. ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ტურიზმი და სამეწარმეო ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ გასულ წელს დააკორექტირეს და არ მგონია, 2025 წელს, საფუძვლიანად გადაიხედოს", - განაცხადა "რეზონანსთან" გერლიანმა.
"პიემსიჯის" კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.4%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, - 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ვრცლად: www.resonancedaily.com