საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის (საქანიმა) ინიცირებით 11–12 ივლისს თბილისში გაიმართება ანიმაციის მეორე საერთაშორისო კონფერენცია - ანიმა თბილისი 2023 „ანიმაციის ხელოვნება: დღეს და ხვალ“
კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, რეჟისორებს, ანიმატორებსა თუ განათლების სისტემის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას ისაუბრონ ამ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევბზე, მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენს მომხსენებლებს შორის იქნებიან: ოსკაროსანი კომპოზიტორი და ხმის არტისტი, ნიკოლა ბეკერი; ვეს ანდერსონის „ძაღლების კუნძულის“ და ტიმ ბარტონის Frankenweenie-ის წარმოების ხელმძღვანელი, ანჯელა პოშეტი, ბრუკლინის ოსკაროსანი ანიმაციური სტუდიის დამფუძნებლები ადამ და ჯეიმს ბელფერები, და ბევრი სხვა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ანიმატორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიცნონ საერთაშორისო ანიმაციის წარმომადგენლები, მიიღონ მონაწილეობა დარგში საუკეთესო სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებში. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტში იზაბელა პლუჩინსკა ჩაატარებს 2 დღიან ვორქშოფს 6 და 7 ივლისს.
კონფერენცია გააერთიანებს პანელურ დისკუსიების, ქართველი დამწყები ანიმატორების პროექტების წარდგენას (ე.წ. „პიჩინგი“), ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებას, მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს.
წელს ანიმა–თბილისი Film Industry Meetups-თან თანამშრომლობს და კონფერენციის ფარგლებში 12 ივლისს მათ სესიას უმასპინძლებს განათლების თაობაზე. კონფერენციის მიზანია საქართველოს წარმოჩენა და დამკვიდრება საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე, ქართველი ანიმატორების პოტენციალის ჩვენება და მათთვის ისეთი ქვეყნების ბაზრებზე წვდომა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და ა.შ