თქვენ იხილეთ აჟიტირებული და ამჩატებული ოპოზიცია, მთელი დღის განმავლობაში ათასი სულელური განცხადება კეთდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველას მოუწოდებდნენ, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ, თუმცა ოპოზიციამ ეს არ გაითვალისწინა.
„ჩვენ იმ დღეს დილიდან გავაკეთეთ განცხადება. ყველას მოვუწოდეთ, რომ ყოფილიყვნენ მშვიდად, თუმცა ოპოზიციამ ეს არ გაითვალისწინა. თქვენ იხილეთ აჟიტირებული და ამჩატებული ოპოზიცია. მთელი დღის განმავლობაში ათასი სულელური განცხადება კეთდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ ყურად არ იღეს ჩვენი გაფრთხილება და მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ, უბრალოდ, არ უნდა ამჩატებულიყვნენ. ყურად არ იღეს ეს ყველაფერი და ამიტომ მოუწიათ სულელური, არასწორი, არაადეკვატური, ირაციონალური განცხადებების კეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.