უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე გადაღებული ფოტო, რომელზეც მიხეილ ყაველაშვილი დონალდ და მელანია ტრამპების გვერდით დგას.
ფოტოსთვის დართულ ტექსტში მიხეილ ყაველაშვილი წერს:
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის ფარგლებში, სადაც 2025 წლის 25 სექტემბერს სიტყვითაც გამოვიდა.
მიხეილ ყაველაშვილმა გამოხატა საქართველოს მზაობა „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან დიალოგისათვის“ და სურვილი, დაიწყოს „ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი“.
„უძველესი ცივილიზაციის აკვანი“, „ქრისტიანობის 17-საუკუნოვანი ისტორია“ და „ბრძოლა დამპყრობლებთან“, „დიალოგსა და მშვიდობაზე“ ორიენტირება „სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში“, მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, მადლიერება დონალდ ტრამპისადმი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მედიაციისათვის - ასეთი იყო 2025 წლის 25 სექტემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე მიხეილ ყაველაშვილი 10 წუთიანი სიტყვით გამოსვლის ძირითადი აქცენტები.
ქართულ ენაზე წაკითხულ სიტყვაში ყაველაშვილს არ უსაუბრია შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. მის სიტყვაში ამჯერად არ ყოფილა პირდაპირი კრიტიკა ევროსტრუქტურებისა თუ ვაშინგტონის პოლიტიკისადმი; ასევე, არ უხსენებია არც „გლობალური ომის პარტია“ და „დიპ სტეიტი“. თუმცა განაცხადა: „ქართველი ხალხი არ შეეგუება ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს“.
გამოსვლის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მოუწოდა, უზრუნველყოს „მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“ გადასვლა და იქვე გამოხატა საქართველოს მზაობა, ესაუბროს „უკლებლივ ყველა ქვეყანას“.