სოხუმის აეროპორტის სრულ რეკონსტრუქციას რუსული შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება” განახორციელებს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.


რუსულმა კომპანიამ და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანდასწრებით, „სახელმიწფო-კერძო პარტნიორობის“ შეთანხმებას 27 ოქტომბერს მოწერეს ხელი. მასში წერია, რომ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით რუსული კომპანია სოხუმის აეროპორტის კომპლექსურ რეკონსტრუქციას განახორციელებს.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შპს „ინფრასტრუქტურული განვითარების” მფლობელი რაშიდ ნურგალიევია, რომელმაც მისი პროექტის არჩევისთვის ბჟანიას მადლობა გადაუხადა.


დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანის ცნობით, „სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შესახებ“ ხელმოწერილი ხელშეკრულება კომპლექსის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების პირობებს, ოდენობასა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.


„სახელმწიფო ინარჩუნებს საკუთრებას აეროდრომზე, აეროდრომის ინფრასტრუქტურაზე, ტერმინალის ისტორიულ შენობაზე, ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსსა და სახელწოდება „ვ.გ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტზე“, - აცხადებს ოზგანი.


რუსული კომპანიის გენერალური დირექტორი, სერგეი გრიბკოვი ამბობს, რომ პროექტის პრიორიტეტული ამოცანა აეროდრომის აღდგენა იქნება. მისი თქმით, „უმოკლეს დროში გაფართოვდება პერონი (ბაქანი), რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მოსახვევ და ასაფრენ ბილიკებს, რომელიც, ასევე, თანამედროვე განათება-სასიგნალო მოწყობილობებით აღიჭურვება.“
ბჟანიას პრესსამსახური აცხადებს, რომ „რეკონსტრუქციის შემდეგ 3100 მეტრ სიგრძისა და 45 მეტრ სიგანის ასაფრენი ბილიკი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას შეძლებს.“ ასევე, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, ხოლო აეროპორტის ისტორიული შენობა გარემონტდება, სადაც ე.წ. ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მიღების ადგილი იქნება. „აეროპორტის ახალი კომპლექსის გამტარუნარიანობა საათში 1300 მგზავრს მიაღწევს.“


ცნობისთვის: ბჟანიამ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური რეისები 2024 წლის ივლისამდე დაიწყება, ხოლო აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდება.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღება 4 სექტემბერს დაიწყო, 15 სექტემბერს კი დაასრულა. როგორც ჩანს, კრემლმა შპს ამ კონკურსამდე ორი თვით ადრე, სპეციალურად აეროპორტის აღსადგენად შექმნა.

კერძოდ, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ სულ რაღაც სამი თვის წინ, მიმდნიარე წლის 10 ივლისს დაფუძნდა. მისი დამფუძნებელი სააქციო საზოგადეობა „საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტია,“ რომელიც კომპანიაში 100%-იან წილს ფლობს. „ვედომოსტი“ წერს, რომ, შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ მოსკოვში, კოსმოდამიანსკაიას სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არის რეგისტრირებული და მას სერგეი გრიბკოვი ხელმძღვანელობს. მანამდე გრიბკოვი მმართველ კომპანია Airport Management Company Limited-ში მუშაობდა, რომელიც დომოდედოვოს აეროპორტის სტრუქტურებთან, Domodedovo Asset Management-თან და Domodedovo Parking-თან არის დაკავშირებული.


კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარების“ ერთადერთი მფლობელი რაშიდ ნურგალიევია, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევ-უფროსის ერთ-ერთი ვაჟია. მამამისი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. უფროსი რაშიდ ნურგალიევი აფხაზეთის ხელმძღვანელობას რეგულარულად ხვდება. კერძოდ, თებერვალში მან მოსკოვში ასლან ბჟანიას უმასპინძლა.
მისი ვაჟი, ასევე, ფლობს წილებს კომპანია „ეკოსტრუქტურასა“ (85%) და „ბაზისში“ (33%), ხოლო 2020 წლიდან უმცროსი ნურგალიევი რუსეთის გარემოსდაცვით მოძრაობას ხელმძღვანელობს.

bpn.ge