26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ დროის განმავლობაში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედნამდე და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე.
გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.
რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება“, - ვკითხულობთ თბილისის მერიის ინფორმაციაში.