„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სასტუმროების ქსელ „ასტორიას“ თბილისის სასტუმროებში 274 000 ლარის ჯავშნები გაგვიუქმდა.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ასტორია ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭიღლაძემ უთხრა, მისი თქმით ტურისტების ნაკადზე გავლენა მოახდინა ისრაელში არსებულმა დაძაბულობამაც.
„არა მარტო ასტორიას ჯგუფში შემავალი სასტუმროები, თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროებიც იგივე გეტყვით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით ჩვენ სექტორს დაეტყო, დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთში არსებულმა დაძაბულობამ.
ტურისტული კომპანიები აქტიურად ცდილობენ, რომ ჯავშნები ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადაიტანონ, ასტორიას თბილისის სასტუმროები პირდაპირ ეპიცენტრშია.
ჯავშნები გვქონდა ჩინეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან. მაგალითად სასტუმრო Pine Astoria-ს ჯავშნები ჰუალინგში გადავიდა, Astoria უფრო დიღმისკენ წავიდა.“ - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
ჭიღლაძის თქმით 2024 წელი კარგად დაიწყო და წინასწარი ჯავშნებიც ბევრი იყო, თუმცა რყევებმა 274 000 ლარის ჯავშნების გაუქმება გამოიწვია, თუმცა ჭიღლაძე იმედოვნებს, რომ სეგმენტის ჩანაცვლება მოხერხდება და ვითარებაც მალე დასტაბილურდება. მისივე თქმით სასტუმროების ქსელი „ასტორია“ ამ ეტაპზე უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბაზრებზე მუშაობს.
„ამ რყევებმა გამოიწვია ის, რომ ჯავშნები გაუქმდა, რაც შეეხება 2024 წელს, კარგი ჩანდა, უფრო მოწესრიგებული ტურიზმი იყო, წინასწარ ჯავშნებსაც ვიღებდით, მაგრამ რყევებმა 274 000 ლარის ჯავშნების გაუქმება გამოიწვია, შეიძლება ეს თანხა მსუყე ჩანს, მაგრამ საერთო მოცულობაში 3-4%-ს არ აღემატება ვიმედოვნებ, რომ ეს რყევები მალე დასრულდება.
ჩვენთან ავტობუსის ტურები რაც იყო, ყველა გაუქმდა, რადგან როდესაც თავისუფლების მოედანი და რუსთაველი გადაკეტილია ეს ნიშნავს, რომ ავტობუსი ვერ მოდის და დისკომფორტს გვიქმნის. ახლა ახალ ბაზრებზე გვაქვს მუშაობა დაწყებული, ესენია ტაჯიკეთი და უზბეკეთი და თუ ესენი დადასტურდა, ჩინეთის ბაზარს ჩავანაცვლებთ“ - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას, საქართველო აქტიურად პოზიციონირებდა ისრაელის, ირანის, უკრაინის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ბაზრებზე, შესაბამისად ომის დაწყებამ შეამცირა ისრაელელი და ირანელი ტურისტების რაოდენობა.
„ომმა მომენტალურად შეამცირა ტურისტები ისრაელიდან და ირანიდან, ასევე შემცირდა ნაკადები იორდანიიდან“ - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.