საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის შემაფერხებელ ფაქტორად რომ იქცა, ამაზე სფეროს წარმომადგენლები, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობენ.
ერთ-ერთი მათგანი ავიასერვისის სააგენტო GASA-ს დამფუძნებელი გიორგი შენგელიაა. მისი განმარტებით, მართალია ავიარეისებზე ჯავშნების დიდი ნაწილი არ გაუქმებულა, თუმცა დაახლოებით 20% გადავადდა და მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლის პერიოდი გადაწიეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, შემცირდა ახალი ჯავშნების შემოსვლა.
„თუ თავიდან უცხოელ ტუროპერატორებს მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდებოდა, ახლა ასე არ არის. შესაბამისად, უახლეს პერიოდში ჯავშნების შემოსვლა შეფერხდა.
უსაფრთხოების დიდ საშიშროებაზე საუბარი არ მიდის. ეს მოცემულობა განპირობებულია იმის გამო, რომ თბილისი უცხოელი ვიზიტორებისთვის დასვენებისა და გართობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მათ შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო ცენტრალურ უბნებში თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდოთ, მათი თავშეკავების მიზეზი ხდება. საუბარია იმ მოგზაურებზე, ვისთვის მთავარი მიმართულება თბილისია. იმ ჯგუფებისგან, ვინც თბილისის გარეთ მოგზაურობს, ჯავშნების გაუქმება ან გადაწევა სახეზე არ არის", - ამბობს გიორგი შენგელია.
არსებული ჯავშნების გადავადებისა და ახალი ჯავშნების შემცირების მიუხედავად, შენგელიას თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ოდენობა ცალსახად გაზრდილია და ამ მხრივ ჯერჯერობით დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.
ცნობისთვის, ტურისტული ოპერატორი „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“, იგივე GASA არის ქართულ ბაზარზე უკვე 14 წელია ოპერირებს და კომპანია ავიაბილეთების გაყიდვასთან ერთად მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით ტურისტულ პაკეტებს და პროდუქტის რეალიზების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. GASA საქართველოში ისეთი საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენელია, როგორიცაა: Pegasus, Air Arabia და Fly Arna.
წყარო:bm.ge