საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე მმართველ გუნდს საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი.

კერძოდ, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს არის ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი იქმნებოდა საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში.

თუმცა, კანონპროექტის ავტორების განცხადებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც „ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის არქონით იქნა გამოწვეული“.

„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული,“ — აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც კანონში შედის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ პაკეტს, შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.