მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში თურქეთმა, რუსეთსა და 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 158 მილიონი დოლარის ღირებულების 45 პროდუქტის ექსპორტის შესახებ გამოაცხადა. რაც 3-ჯერ აღემატება 2022 წლის იმავე პერიოდში, უკრაინაში ომის დაწყების დროს, დაფიქსირებულ დონეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტებს აშშ მაღალ პრიორიტეტული საქონლის კატეგორიას ანიჭებს. ამის შესახებ Financial Times წერს.
ანალიტიკოსების თქმით, საქონელი, რომელიც თურქეთის თქმით, შუამავლებისთვის იყო განკუთვნილი, პირდაპირ რუსეთში გადაიზიდა.
Financial Times წერს, რომ თურქეთის ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში მაღალ პრიორიტეტული საქონლის ექსპორტის დეკლარაციების ზრდა, მაგრამ ამ ქვეყნების სტატისტიკურმა სააგენტოებმა იმპორტის შესაბამისი ზრდა არ დაფიქსირებულა.
Trade Data Monitor-ის საბაჟო მონაცემთა ბაზის FT ანალიზის მიხედვით, საშუალო მაჩვენებელი 2015-2021 წლებში $28 მლნ იყო.
საქონლის 45 კატეგორია, მათ შორის - მიკროჩიპები, საკომუნიკაციო მოწყობილობები, ოპტიკური სამიზნეები, აშშ-ს, ევროკავშირის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება, რომელიც მიზნად რუსეთში მათი იმპორტის აღკვეთას ისახავს. მაგრამ მათი გვერდის ავლა შესაძლებელია, თუ კომპანიები გამოიყენებენ შუამავალ სტრუქტურებს საბოლოო დანიშნულების დასამალად.
თურქეთის მიერ G7-ის ქვეყნებიდან მაღალი პრიორიტეტული საქონლის იმპორტი წელს 60%-ზე მეტით გაიზარდა, 2015 წლიდან 2021 წლამდე ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, და დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყაზახეთმა თურქეთიდან მაღალი პრიორიტეტული საქონლის 6,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი დააფიქსირა, მაგრამ თურქეთის მონაცემები აჩვენებს, რომ ამ საქონლის ექსპორტმა ყაზახეთში, იმავე პერიოდში, 66 მილიონი დოლარი შეადგინა.
აშშ და ევროკავშირის შეფასებით, რუსეთი იყენებს ამ პროდუქტებს თავის საკრუიზო რაკეტებში, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებში.