„თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ ის სარგებლის მომტანია, ეს მათი საქმეა და იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგები იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებაზე კომენტარისას ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია ვინ იქნება მისი პარტნიორი, რაც შეეხება აშშ-ს, მასთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ ქვეყანას სარგებელი ნამდვილად მოუტანა. 

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქვეყანას ჩინეთთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ქვეყანამ შეაქცია ზურგი სარტყელისა და გზის ინიციატივას, რადგან, როგორც გაირკვა, ეს ინიციატივა არ არის სარგებლიანი, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ ის სარგებლის მომტანია, ეს მათი საქმეა და იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგები იქნება.

ასეა თუ ისე, ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოსთვის და თავად საქართველოს გადასაწყვეტია ვინ უნდა იყოს მისი პარტნიორი. აშშ იყო და დარჩება საქართველოს მხარდამჭერად და ეს ის პარტნიორობაა, რომელმაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.