1000 ლარიანი პენსია - ეს „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ დაპირების შესასრულებლად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს 15%-დან 25%-მდე გაზრდიან. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რამდენად რეალურია ლელოს ეს დაპირება. კითხვით ჩვენ ფინანსისტს გიგა ბედინეიშვილს მივმართეთ. ექსპერტი აცხადებს, რომ პარტიის მიდგომა არასწორია, რადგან გადასახადების გაზრდა შემოსავლის ზრდას არ ნიშნავს. გიგა ბედინეიშვილი განმარტავს, რომ გაზრდილი ფინანსური ვალდებულებების პირობებში ბიზნესს ბევრი დატოვებს.

,,მიდგომა არასწორი მგონია. ერთ რაღაცას, რასაც ვერ ითვალისწინებს ხალხი არის ის, რომ თუ გადასახადს გაზრდი შემოსავალი სულ არ არის აუცილებელი რომ გაიზარდოს. იმიტომ, რომ რაღაც ბიზნესები შეიძლება გავიდნენ ბიზნესიდან გადასახადების გაზრდის შემთხვევაში.  ეს ფასის აწევას იწვევს და ფასის აწევა მობილობის შემცირებას იწვევს. ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი, რომ გაზრდი გადასახადს და გაიზრდება შემოსავალი. მეორე, რატომ მაინცდამაინც სათამაშო ბიზნესი? თუ რაღაც მორალისტური პერსპექტივიდან ვუყურებთ ასე ბევრი რაღაც არის მავნე ჯანმრთელობისთვის. ალკოჰოლიდან დაწყებული შაქრით დამთავრებული. და რა ვქნათ მაშინ? ვზარდოთ და ვზარდოთ გადასახადები ჩვენ რაც არ მოგვწონს და რაც ჩვენს მორალში არ ჯდება? რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია სწორად.’’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

ფინანსისტი აცხადებს, რომ მთავარია ინფლაციის დაჭერა, რათა 1000 ლარიანმა პენსიამ მოქალაქეებს ფინანსური სტაბილურობა მისცეს. -,,თუ 1000 ლარი იქნება პენსია და ამ დროს ინფლაცია გაგივარდა და ამ თანხის მსყიდველობითი უნარი თუ დაზიანდა არაფერს არ ნიშნავს 1000 ლარი. ყველაფერი, რასაც ეს პარტია ლაპარაკობს ინფლაციურია ბუნებით. ‘’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

,,ლელოს’’ „მარშალის გეგმა“ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მთავრობამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდა უნდა უზრუნველყოს. გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ სტაბილური გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აქვს, თუმცა პროდუქტიულობის გაზრდის მიმართულებით მთავრობა უსუსურია.

,,პროდუქტიულობის ზრდა ხდება განათლების, ტექნოლოგიების მოზიდვისა და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით. მთავრობა აბსოლუტურად უსუსურია ამ თვალსაზრისით. განათლების თვალსაზრისითაც ბევრს ვერაფერს ვერ აკეთებს მთავრობა. კერძო სექტორი განათლებაში უფრო ეფექტურია ვიდრე მთავრობა. არ არის სწორი მიდრეკილებები. მთავრობა პროდუქტიულობას მკვეთრად ვერ გაზრდის კერძო სექტორში.’’- აცხადებს ფინანსისტი ,,კომერსანტთან’’ საუბარში.

კაპიტალის ბაზრის განვითარება - კიდე ერთი დაპირებაა, რომელიც ,,ლელომ’’ წინასაარჩევნოდ გასცა. პარტიაში ამბობენ, რომ საქართველო რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდება და ქვეყანაში ძლიერი საფონდო ბირჟა შეიქმნება. მათივე დაპირებით, საქართველოს საფონდო ბირჟა ლონდონის საფონდო ბირჟასთან პარტნიორობით იმუშავებს. ქვეყნის ფინანსურ ცენტრად ქცევას თეორიულად შესაძლებელს უწოდებს გიგა ბედინეიშვილი, თუმცა მისი თქმით, საჭიროა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება.

,,ზოგადად, რეგიონში არსებულ სხვა დედაქალაქებთან შედარებით თბილისს შეიძლება პოტენციალი ჰქონდეს, რომ იყოს ფინანსური ცენტრი. უფრო მეტი ინვესტიციები მოიზიდოს, უფრო მეტი ფინანსური ტრანზაქციები თბილისში ხდებოდეს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა. კერძოდ, ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერება, იმისთვის რომ რაც შეიძლება ნაკლები გავლენა ჰქონდეს ასე თუ ისეთნაირად შერჩეულ სასამართლო კლანს. ნაფიც-მსაჯულების ინსტიტუტი ზღუდავს მოსამართლეების ძალაუფლებას. შეიძლება უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების დასაქმება განვიხილოთ, რათა ნდობა გავზარდოთ სასამართლოს მიმართ.  კარგი სასამართლო სისტემა თუ გვექნება, მაშინ თვითონ გახდება საქართველო ფინანსური ცენტრები. სასამართლოზე გადის ყველაფერი ფინანსურ ცენტრს რაც შეეხება.’’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

რაც შეეხება თბილისის ბირჟის განვითარებას, ფინანსისტი აცხადებს, რომ ეს არაჯანსაღი და არარეალისტური ამბიციაა, რადგან ბირჟის ასამუშავებლად საჭიროა ბაზარზე მოვაჭრეების და აქციების სათანადო რაოდენობა.

,,არ არის აუცილებელი, რომ ყველა პატარა ქვეყანას თავისი კარგი ბირჟა ჰქონდეს. ასე არ ხდება. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება რეგიონალურ ბირჟებზე და ლონდონის ბირჟაზე მოგვიწიოს აქციების გატანა. რა შუაშია მთავრობა მაგასთან? ეგერ არის ბირჟა. ასე თუ უნდა პირდაპირ დაუკავშირდეს ლონდონის ბირჟას და თუ მართლა შეუძლიათ პარტნიორობის დამყარება დაამყარონ. ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ არ არის საკმარისი რაოდენობის საჯარო კომპანიები საქართველოში, საკმარისი რაოდენობის თავისუფალ მიმოქცევაში მყოფი საჯაროდ მოვაჭრე აქციებით და ეს სანამ არ იქნება ქართული ბირჟა არის უბრალოდ რაღაცა შენობა, რომელშიც არაფერი არ ხდება. ბირჟის ამუშავებას რომელიმე პარტიამ ხელის შეუწყოს მე არ მჯერა.’’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.