წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად განწყობილი არიან, რადგან ამერიკაში „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი იმ 70 მილიონი ამერიკელის წინააღმდეგ მიდიან, რომლებმაც დონალდ ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩიეს.

„წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად განწყობილები არიან. რატომ? „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში. ეს ხალხი დონალდ ტრამპს, 70 მილიონ ამერიკელსა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. რა გასაკვირია, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი. ბოლო სამი წელია, ისინი ხმალამოღებით იბრძვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ის ხელისუფლება იქნება, ვინც მეორე ფრონტს დაიწყებს. მათ უსამართლო განცხადებებზე აღარ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მათ დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ხალხი, რიშიც და შაჰინიც თავად ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უმეტესობის წინააღმდეგი არიან. გასაკვირი არ არის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „მეგობარი აქტი“ წარადგინეს. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე გამოქვეყნდა.

1tv.ge