ვერ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივაა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხი ან ოდესმე ამაზე სერიოზულად ჰქონდეს ნაფიქრალი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან არის რჩევა მიღებული.

„ვენეციის კომისია, რომელიც არის ევროკავშირის სტრუქტურა და რომელიც ექსპერტებისაგან შედგება, ამ რჩევებს იძლევა შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე. ჩვენც, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია. ასე რომ, დაფინანსების, შავი ფულის მოძრაობის თემა, ისეთი დაფინანსება, რომელიც არ ჩანს, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მეთოდებით, მათ შორის იმ მეთოდებით, რომელსაც ევროკავშირი ამ თავისი საექსპერტო ჯგუფით – ვენეციის კომისიით გვკარნახობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა, შესაძლოა, აეკრძალოთ. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.