საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს დღეს უკვე შევდივართ ევროკავშირში და ამას ეუბნებიან 21-ე საუკუნეში საზოგადოებას, რომელიც თავად კითხულობს და ეცნობა, მათ შორის, უცხოელთა განცხადებებს, რომ 2030 წლამდე გაფართოებაზე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვათა შორის, ეს 2030 წელი განჭვრიტა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2012 წელს. ამიტომ ჩვენ ამ თარიღისკენ მივდივართ უკვე 2012 წლიდან და წამოგვეწია ზოგიერთი ჯგუფი სხვადასხვა იდეით. ასე რომ, 2030 წელია ჩვენი სამიზნე. მნიშვნელოვანია, აქ მივიდეთ დაუზიანებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციაზეც ისაუბრა.

„როგორ უნდა შეეცადოს ადამიანი, რომ კავშირი დაამყაროს ევროპულ ღირებულებებთან და ამ რეზოლუციას შორის, სადაც წერია, რომ კრიმინალის გათავისუფლებაზე გადის თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის გზა. ეს ერთი და იგივე კინოა და ცდილობენ, ხელახლა გვაჩვენონ. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ 2030 წლამდე მივიდეთ კეთილდღეობით, რადგან ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, თუ დაბალი შემოსავლის ქვეყანა ვიქნებით. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და რასაც მივაღწიეთ, თუნდაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, არის ის, რომ კანდიდატ ქვეყნებს თუ ავიღებთ, რომლებსაც უკვე წლებია, მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ, მაგალითად 12 წელზე მეტია, მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ მონტენეგროს, სერბეთს და რაღაც ვერ ვხედავთ, რომ ისინი გაწევრიანდნენ, ჩვენ კი ამ მოკლე პერიოდში შევძელით, რომ დანარჩენ რვა კანდიდატთან შედარებით უკვე შუაში ვართ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, 2030 წელს კი ჩვენ პირველები ვიქნებით ამ კატეგორიაში. 2030 წელს ჩვენ ვიქნებით კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე წინ, როგორც ეკონომიკურად, მათ შორის, გავუთანაბრდებით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, ასევე, ჩვენ ვიქნებით ყველაზე წინ ინსტიტუციურად და ჩვენი კანონმდებლობის დაახლოებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამას მოწმობს, მათ შორის, ევროკომისიის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული შეფასებები.

„უკვე ერთი წელია, მოლაპარაკებები აქვს გახსნილი მოლდოვას, უკრაინას, ბოსნია ჰერცეგოვინას და აღმოჩნდა, რომ კვლავ ამ ქვეყნებზე წინ ვართ, მათ შორის იმ ფუნდამენტურ საკითხებში, სადაც არის ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება. ამ ჯგუფში ვართ ლიდერი და ლიდერი ვართ ბევრ ჯგუფში ამ ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს 2028 წლის ბოლოს ასოცირების შეთანხმების 90% ექნება შესრულებული და ეკონომიკურად კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ლიდერი იქნება.

„იმ მომენტში ჩვენ ვიქნებით მომზადებული ეკონომიკურადაც და ინსტიტუციურადაც, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და მალევე დაიხუროს, როგორც ეს მოხდა ასოცირების შეთანხმების დადებისას და ვიზალიბერალიზაციისას. შესაბამისად, ნაცვლად ხანგრძლივი ჯანჯღარისა, რასაც ჩვენი ოპოზიცია თუ მათი ზოგიერთი გარე მფარველი ცდილობს ხოლმე, ანუ ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტალიზირებას, ჩვენ გვექნება ცივილიზებული მოლაპარაკებების ორწლიანი პროცესი, როდესაც მოხდება ჩვენი შედეგების შეფასება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

1tv.ge