ავიაკომპანია Ираэро-მ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში („როსავიაცია“) მოსკოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას  TASS-ი ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხდომა, რომელზედაც ნებართვის გაცემაზე იმსჯელებენ „როსავიაციაში“ 19 მაისს გაიმართება

Ираэро-ს ამ დრომდე საქართველოში ფრენები არასდროს განუხორციელებია.

15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს მოაწერა.

მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე რეისების განხორციელებაზე საქართველოს მხრიდან ნებართვა უკვე მიიღეს ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და „ჯორჯიან ეარვეისმა“.

Ираэро დაარსდა 1999 წელს და არის რუსეთის 20 უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთი. ის ახორციელებს ფრენებს რუსეთის 70-ზე მეტ ქალაქში, ასევე დაფრინავს ახლო და შორეულ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, ყაზახეთში, ჩინეთში, თურქეთში, უზბეკეთში. საბაზო აეროპორტები აქვს ირკუტსკში, იაკუტსკში, მაგადანში, მოსკოვში (დომოდედოვო). თვითმფრინავის ფლოტის შემადგენლობაში შედის: Airbus A319-100, Sukhoi Superjet 100, Ан-24, Ан-26, Ан-26-100 и Bombardier CRJ-200 ER

ვებგვერდზე, რომელზედაც სანქცირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციაა გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ Ираэро, ისევე როგორც Азимут-ი უკრაინის მიერაა სანქცირებული.