თავდასხმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების ტიპიუტი მაგალითია და ადასტურებს, რომ ხელისუფლება ქვეყანის მართვას ტიტუშკების დახმარებით ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს," - ამის შესახებ "ლელოს" განცხადებაშია აღნიშნული.


პარტიის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ დღეს, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე, საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე, რაიონულ ოფისთან, დაუდგენელი პირების, ე.წ ტიტუშკების მიერ, შეიარაღებული თავდასხმა  განხორციელდა. 


"ლელოს" ინფორმაციით, შენობიდან გამოსულ საბა ბუაძეს, რამაზ მანდარიას და ორგანიზაციის წევრებს ცივი იარაღით და ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა სხეულის დაზიანების მცდელობას. 


"ადგილზე მისულ პოლიციას, ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია, ცივი იაღარი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ ამოუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი.  დანა ამ დრომდე "ძლიერი საქართველოს" საბურთალოს შტაბში ინახება.  ასევე,  არ გამოკითხულა დაზარალებული მხარე, პარტიის წევრები, რომლებიც ასევე იყვნენ თავდამსხმელების სამიზნეები და თვითმხილველები. ამ დრომდე არ ამოღებულა გარე მეთვალყურეობის კამერები.  აქვე, აღვნიშვავთ, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში მარტივად შესაძლებელია.შსს-ს გულგრილობა და უმოქმედობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ თავდასხმა წახალისებულია “ქართული ოცნების” ძალადობრივი ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პოლიტიკური დევნის ტიპიური მაგალითი. ვაფრთხილებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს -  ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ ერთი სამხილი იქნება მათ წინააღმდეგ!" - წერია "ლელოს" განცხადებაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ ცივი იაღარი რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ წაუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი.

""დანა ამ დრომდე "ძლიერი საქართველოს" საბურთალოს შტაბში ინახება. პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თავდამსხმელების სამიზნეები და თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ," - აცხადებენ "ლელოში".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ თავს პროვოკატორები დაესხნენ.

როგორც ბუაძემ განმარტა, მას და რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. ბუაძის ინფორმაციითვე, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს, რის გამოც დაზიანება აქვს.

ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.