რუსეთი და „სამხრეთ ოსეთი“ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად გაერთიანდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ ახალ იმპულსებს მიიღებს ჩვენი კონტაქტებიდან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩეველთან“ კონსტანტინე კოჩიევთან შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ Вместе-РФ წერს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ ახალ იმპულსებს მიიღებს ჩვენი კონტაქტებიდან. კიდევ ერთხელ მადლობა ამ შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, მოსკოვს ხშირად ეწვევით“, - განაცხადა კარასინმა.
კონსტანტინე კოჩიევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ისტორიულად ძალიან მჭიდრო კავშირი და ნდობა აქვს.
„ეს არის სამხრეთ ოსეთის წარმატების გასაღები და ეს არის ჩვენი ნდობა ჩვენი ხალხის მომავლის მიმართ. ჩვენთვის გადამწყვეტია რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას რუსულ დიპლომატიასთან, რომელმაც ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთა“, - აღნიშნა „სახელმწიფო მრჩეველმა“.