ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) და საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურად განაცხადეს, რომ 2026 წლის იანვარში ერთობლივი მუშაობის მომდევნო ეტაპზე გადავლენ.

ორგანიზაციები პანევროპული საკალათბურთო ლიგის შექმნაზე მსჯელობენ.

„ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) და საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციამ (FIBA) დღეს ოფიციალურად განაცხადეს, რომ იანვარში ერთობლივი მუშაობის მომდევნო ეტაპზე გადავლენ და დაიწყებენ ახალი პროფესიული, პანევროპული მამაკაცთა საკალათბურთო ლიგის შექმნის პროცესს, რომელშიც ჩართავენ პოტენციურ კლუბებსა და კლუბების მესაკუთრეთა ჯგუფებს, რომლებიც ლიგაში მონაწილეობით არიან დაინტერესებულნი.

მუდმივ ადგილებთან ერთად, ახალი ლიგა ევროპაში FIBA-ს წევრ ეროვნულ ჩემპიონატებში მოასპარეზე ყველა კლუბს შესთავაზებს სპორტული პრინციპით დაფუძნებულ ყოველწლიურ საკვალიფიკაციო გზას – ან FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის (Basketball Champions League, BCL) მეშვეობით, ან სეზონის ბოლოს დაგეგმილი საკვალიფიკაციო ტურნირის გზით. ლიგის კალენდარი ჰარმონიზებული იქნება შიდა ჩემპიონატებისა და ეროვნული ნაკრებების გრაფიკებთან, რაც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, მთელი წლის განმავლობაში წარადგინონ როგორც საკუთარი კლუბი, ისე ეროვნული ნაკრები.

ახალი ლიგის ფარგლებში NBA და FIBA ასევე გეგმავენ ფინანსური მხარდაჭერისა და რესურსების მიზნობრივ გამოყოფას ევროპის საკალათბურთო ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს მოიცავს ეროვნულ ლიგებს, საკლუბო აკადემიებს, აგრეთვე NBA-სა და FIBA-ს მოქმედ პროგრამებს, რომლებიც მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მსაჯების განვითარებას ისახავს მიზნად თამაშის ყველა დონეზე“, – წერია NBA-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი არხი