„მკაცრი რეკომენდაციაა, მოახლოებულ საშობაო უქმეებზე და ახალი წლის ღამეს რუსეთსა და ბელარუსში არ იმოგზაუროთ“, - აცხადებს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (VDD). უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ლატვიის მცხოვრებლებს, თავი აარიდონ ვიზიტს ამ ქვეყნებში, სადაც გასაჭირში ჩავარდნილი ტურისტებისთვის საკონსულო დახმარების გაწევა უკიდურესად რთულია, ხოლო სპეცსამსახურების მხრიდან პროვოცირების და გადაბირების მცდელობების ალბათობა ძალიან მაღალია.
VDD-ის გაფრთხილების თანახმად, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურები იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ მათ ტერიტორიაზე მყოფი უცხოელები დაკითხონ და გადაიბირონ. ისინი არ ერიდებიან აგრესიული და უკანონო მეთოდების გამოყენებას, ჩასული პირების თანამშრომლობაზე დასათანხმებლად.
თუ გამოუვალი მდგომარეობის გამო, რუსეთში ან ბელარუსში გამგზავრება მაინც უწევთ, VDD-ი მოგზაურებს ურჩევს, თან არ წაიღონ მობილური ტელეფონი, რომელშიც სამსახურებრივი და პირადი ინფორმაცია იქნება შეყვანილი, არამედ შეიძინონ სხვა მობილური ტელეფონი წინასწარი გადახდის ბარათით, რომელსაც მგზავრობის შემდეგ გადააგდებენ. „სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თქვენი ტელეფონი შესაძლოა დააინფიცირონ ჯაშუშური პროგრამით და მისგან სენსიტიური მონაცემები ამოიღონ. იგივე მიზეზით, არ წაიღოთ კომპიუტერი, მეხსიერების ბარათები ან ელექტრონული მონაცემების სხვა მატარებლები“, - იუწყება ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
VDD-ს ცნობით, სპეცაგენტების მხრიდან კონტაქტის დამყარების პირველი მცდელობა, შესაძლოა, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზევე მოხდეს - აგენტები თავს მესაზღვრეებად ასაღებენ ან სხვა საფარს იყენებენ. მათ ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი შეუძლიათ მოგზაურებისგან ინფორმაციის გამოძალვა.
ბელარუსის რესპუბლიკაში ან რუსეთის ფედერაციაში შესვლისას, ლატვიის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ საეჭვო ფაქტორებს, რომლებსაც ისინი მესაზღვრეების ქცევაში შენიშნავენ:
- უჩვეულოდ გაძლიერებული შემოწმება და დაკითხვა;
- მგზავრს კითხავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი და არა მესაზღვრის ფორმაში მყოფი პირი;
- სვამენ კითხვებს, რომლებიც მესაზღვრის კომპეტენციას სცილდება - მაგალითად, ლატვიაში არსებული სიტუაციის, უკრაინის მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების, ლატვიაში მყოფი ომის ლტოლვილების ან უკრაინისთვის ლატვიის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების შესახებ;
- სვამენ პირად კითხვებს - სამუშაო ადგილის, სამსახურებრივი მოვალეობების, ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
- მგზავრს რაიმე დარღვევაში ადანაშაულებენ და, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, თანამშრომლობაზე დაყოლიებას ცდილობენ;
- იძლევიან ტელეფონის ნომერს, რომელზეც მგზავრმა ამ ქვეყანაში შემდეგ ჯერზე ჩასვლისას უნდა დარეკოს.
VDD-ი მოუწოდებს მოგზაურებს, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან კონტაქტის ეჭვის შემთხვევაში, ამის თაობაზე ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აცნობონ.
წყარო: 1 არხი