რუსეთის მხრიდან შანტაჟის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა  „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ-აფხაზური „შეთანხმება“ დაამტკიცა.

„შეთანხმების რატიფიცირება ახალ შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ეროვნული მეწარმეებისთვის და საშუალებას მოგვცემს მათი მხარდაჭერის“, - განაცხადა შეხვედრაზე აფხაზეთის იუსტიციის "მინისტრმა" ანრი ბარციცმა.

რატიფიცირებას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა.

ეს კანონია ერთ-ერთია, რომლის მიღებას რუსეთი 2023 წლის შემდეგ ითხოვდა. ოკუპანტის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების ნაწილის შეწყვეტის შემდეგ, დე ფაქტო პარლამენტი კომპრომისზე წავიდა.

მოსკოვი, გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სოხუმისგან ითხოვს:

— ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

— რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

— რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).