თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, სახელწოდებით „Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026“, რომელიც რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაფართოებასა და გაგრძელებას ითვალისწინებს.
კანონი აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს, სატარიფო ზომებსა და სხვა შეზღუდვებს. ახალი რეგულაციები შეიძლება შეეხოს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა სუბიექტებს.
კანონი ასევე ითვალისწინებს დამატებით ზომებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისა და სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.
კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტს უფლებამოსილებას აძლევს, გარკვეული პირობების შემთხვევაში, რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსხვილ შემსყიდველ ქვეყნებს დამატებითი ტარიფები დაუწესოს. კანონით ასეთი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა 100%-ს შეადგენს.
ახალი კანონი ასევე ახანგრძლივებს ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს. 1996 წლის Iran Sanctions Act-ის მოქმედება დამატებით ხუთი წლით, 2031 წლის ბოლომდე, გაგრძელდა.
აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი კანონი პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლის გასაძლიერებლად დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს.