პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.
როგორც ცნობილია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის, ტაბლოზე კი მხოლოდ ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა ფიქსირდება. შედეგად კენჭისყრის პროცესი ორჯერ უკვე ჩაიშალა, მათ შორის კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.