მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება და ევროკავშირმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის უნდა აღიაროს.

„საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება- ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: არ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა აღიაროს, ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს სანქციები უნდა დაუწესოს“, - წერს კოლსი.

მისი თქმით, 32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ და ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს.

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.

„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ის.

ამასთან, ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ქართველები უკვე ერთი თვეა მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩაში, მიუხედავად ძალადობისა და დაშინებისა“, - წერს პლატფორმა X-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა.

„მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

"კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მოხდა. საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე."წერს X-ზე ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.

"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში. თქვენი გამბედაობა და მონდომება შთააგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე."- წერს X-ზე მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

"მე აქ ვარ თბილისის ქუჩებში, იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი...ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში," - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა განაცხადა.

"მე აქ ვარ თბილისის ქუჩებში, იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტი ღიად გამოხატავს მხარდაჭერას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, იყოს ევროპისა და ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი. ძალიან მკაფიო სიგნალს ვხედავ ქართველი ხალხისგან, რომ მათ უნდათ იყვნენ ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი. ისინი დგანან დემოკრატიის მხარეს, არ  სურთ რუსეთის ხელში გადასვლა. ეს წითელი ბარათები, არის სიგნალი ე.წ ხელისუფლებისთვის.

სიტუაცია არის დრამატული და რთული ამ ეტაპზე. ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს თავის საქმიანობას, დარჩება საქართველოს პრეზიდენტად იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს ერთადერთი პირობაა, რადგან ახალი არჩევნები არის ქართველი ხალხის სურვილი. მე როგორც პოლონელმა, კარგად ვიცი რა არის რუსული ოკუპაცია, გააზრებული მაქვს როგორც საქართველოს ისტორია, ასევე ჩემი ქვეყნის და ამ გადმოსახედიდან კიდე უფრო მტკიცედ ვუჭერ ქართველი ხალხის მისწრაფებას მხარს, რომ იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში," - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.

"რეჟიმმა დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს.

"დაპირისპირება საქართველოში, რეჟიმმა თავისი ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი. ზურაბიშვილმა თან წაიღო ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა," - წერს კარლ ბილდტი.

"სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ არ უნდა აღიაროს ე.წ ახალი "პრეზიდენტი" და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე." - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე და სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოსვლის და ხალხთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აზიარებს.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს“, - წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.