სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს, პარლამენტში სუსის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბარში ოჩამჩირის პორტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსება იგეგმება. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ოჩამჩირის ე.წ. პორტში არსებული ინფრასტრუქტურა დიდი გემების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ფრეგატების მიღებას ვერ შეძლებს.
"ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება, საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდე ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე. თუმცა, მინდა გითხრათ, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა იმ სახით რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწვის ნავებს, კატარღებს, სეინერებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე, მას შემდეგ რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების. მათ შორისო წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. ამისათვის, რომ გარდაიქმნეს არსებული ინფრასტრუქტურა, ამას დასჭირდება სულ მცირე სამი წელიწადი, ექსპერტების გათვლებით, მე ექსპერტი არ ვარ, რათა ეს პორტი თავის წყლის დაღრმავებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით მოვიდეს ამ კონდიციამდე“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ლილუაშვილი ასევე გამოეხმაურა საფრთხეს, რომელსაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ძალების ბაზის განთავსება შესაძლოა უქმნიდეს მშენებარე ანაკლიის პორტს.
მისი თქმით "ოჩამჩირის პორტი საფრთხეს მხოლოდ ანაკლიის პორტს კი არ უქმნის, არამედ ანაკლიის პორტს მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრთხეს".
"ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, მძიმე ტექნიკით, ის რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის, ეს იყო, არის და თუკი ასე გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის", - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.