„ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსება აფხაზებისთვის ნიშნავს დამატებით სამხედრო გარანტიებს საქართველოს წინააღმდეგ“, ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI-ი წერს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს გააჩენს დიდი ფულის ნაკადის შემოდინების მოლოდინს, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის რუსეთიდან წამოვა.
„4 ოქტომბერს სოჭში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე გათქმული ინფორმაცია ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის შესაძლო განთავსების შესახებ, ქართული და აფხაზური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსება აფხაზებისთვის ნიშნავს დამატებით სამხედრო გარანტიებს საქართველოს წინააღმდეგ და ამასთან, რუსეთის სულ უფრო კლებადი ფინანსური დახმარების ფონზე, დიდი ფულის ნაკადის შემოდინების მოლოდინს, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის რუსეთიდან წამოვა.
ქართული საზოგადოებისთვის ფლოტის აფხაზეთში განთავსება კი ცალსახად წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს და უფრო მეტიც, უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გადმოტანის მცდელობას.
რას მოიტანს გალელი ქართველებისთვის ოჩამჩირის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა და იქ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიიდან შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გადმოყვანა. გალის რეგიონის ქართული მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირესა და დანარჩენ საქართველოს შორის მათი გეოგრაფიული მდებარეობა, მათ მოწყვლადობას კიდევ უფრო გაზრდის.
დიდი რუსული სამხედრო მხარდაჭერის და ზურგის იმედად, გალის მოსახლეობაზე ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის სუსტი და არაეფექტიანი პოლიტიკა გალის რეგიონის მიმართ და გაურკვევლობა, თუ რა შეიძლება ასეთ შემთხვევაში ენგურს გაღმიდან დახმარების სახით მიიღონ, გალელებს კიდევ უფრო უმწეო მდგომარეობაში აგდებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.