ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee-ს პირველი ფილიალი თბილისში ხვალ გაიხსნება. ბრენდის პირველი კაფე ჭავჭავაძის 10 ნომერში განთავსდება. Costa Coffee-ს საოპერაციო დირექტორი ელენე ჯგერენაია ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების სიმწირეა, რის გამოც მათ კარგი მოლოდინები აქვთ. ფიქრობენ, რომ ბაზარზე კარგ დროს შემოდიან, რადგან მთავარი კონკურენტი ,,Starbucks'' საქართველოში ჯერ არ შემოსულა. მოლოდინი აქვთ, რომ ასეთ პირობებში ბაზრის მოცულობით წილს აიღებენ.

,,ყავის საერთაშორისო ბრენდები და ქსელები საქართველოში ბევრი არ გვაქვს. თუნდაც, ჩვენთვის ყველაზე დიდი კონკურენტი ,,Starbucks'' ჯერ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. ველოდებით, რომ საკმაოდ კარგად ავითვისებთ ბაზარს. უკვე ჩანს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება. გვყავს ძალიან ბევრი მსურველი გახსნამდეც. გახსნის შემდეგ უფრო ვნახავთ კონკრეტულად რა რაოდენობის ყავის გაყიდვა შეგვეძლება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი საერთაშორისო კონკურენტებით გაჯერებული ჯერ არ არის, ვფიქრობთ, რომ კარგ დროს შემოვდივართ ბაზარზე და გაგვიმარტივდება ბაზრის აღება.’’- აცხადებს ელენე ჯგერენაია.  

ზაფხულში კომპანია კიდევ ორ ფილიალს გახსნის თბილისში. მეორე ობიექტი „აქსის ბიზნესცენტრში“ განთავსდება. ივლისის შუა რიცხვებში კი მესამე ობიექტი ყაზბეგის გამზირზე, 14 ნომერში გაიხსნება. გეგმაში არის რეგიონების მოცვაც. ერთი წლის განმავლობაში Costa Coffee დედაქალაქის ფარგლებს გარეთაც იქნება წარმოდგენილი. ბრენდი 2029 წლის ჩათვლით 20 ობიექტის გახსნას აპირებს, რომლებიც თბილისთან ერთად ბათუმსა და ქუთაისში განთავსდება.

,,მაისის ბოლოს გაიხსნება მეორე ფილიალი და ივლისის ბოლოს მესამე. შემდეგ ვნახოთ როგორ წავა საქმეები. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ თბილისზე. სამომავლო გეგმაში არის, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, რეგიონებშიც ფილიალების გახსნა.’’- აცხადებს ელენე ჯგერენაია.

ბრენდი მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს შესთავაზებს. მათ შორის არის ისეთი ყავის სახეობებიც, რომლებიც ბაზარზე აქამდე არ იყო წარმოდგენილი. ბრენდისთვის ქართული ბაზარი საინტერესო აღმოჩნდა მოხმარების მაღალი მაჩვენებლის გამო. კომპანიის საოპერაციო დირექტორი აცხადებს, რომ მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად, საქართველოში ყავაზე მოთხოვნა დიდია. სწორედ ყავის მოხმარების არსებულმა კულტურამ გახადა ბაზარი მიმზიდველი ბრიტანული ყავის სახლების ქსელისთვის. 

 

,,ჩვენ გვაქვს ჩვენი უცვლელი სტანდარტები. რაც იმას განაპირობებს, რომ თითოეული ჭიქა ყავა არის უმაღლესი ხარისხის. გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ. მომხმარებელს შევთავაზებთ ისეთ ყავას, რომელიც ამ ეტაპზე ბაზარზე არ არის და იქნება ახალი. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბაზარი ყავისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მოხმარების მხრივ გვაქვს ძალიან საინტერესო სტატისტიკა. გამორჩეული საერთაშორისო ბრენდისთვის, როგორიც Costa Coffee-ა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი ბაზრის დაკავება. საკმაოდ დიდი მოხმარებაა პატარა ბაზრისთვის. სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, თუნდაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, სადაც გაცილებით მეტი მოსახლეა, მაგრამ გაცილებით ნაკლებ ყავას მოიხმარენ. ქართველებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაქვს ყავის სმის კულტურა. სახლში იქნება, გარეთ თუ ოფისში. შესაბამისად ყავის სახლებისთვის საინტერესო ბაზარი ვართ.’’- აცხადებს ელენე ჯგერნაია.  

ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee ძმებმა – ბრუნო და სერჯიო კოსტებმა 1971 წელს შექმნეს. ისინი წარმოშობით იტალიიდან იყვნენ. Costa Coffee 4 000-ზე მეტი მაღაზიით დღეს მსოფლიოში ყავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ბრენდია. მთელ მსოფლიოში და ის ყავის კომპანიებს შორის სიდიდით მეორეა.