„ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არ ხდება მტკიცებულებების გამოქვეყნება, ფაქტზე რეაგირება რთულია.

ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება. როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, საუბარია, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ, მოსამართლეების სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.