საქართველოს მთავრობამ, თითქმის ერთი თვის ინტერვალით, სუს-ში ხელფასები კიდევ გაზარდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 4 თებერვლის 41-ე დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა და ხელფასზე დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის 387-ე დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით დადგენილება 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

უფრო კონკრეტულად სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო ჯამში 15 945 ლარამდე გაიზარდა. აქედან 15 690 ლარი სახელფასო ანაზღაურება, 255 ლარი კი წოდებრივი სარგოა. მაშინ როდესაც 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, მისი ხელფასი ჯამი 15 170 ლარი იყო.

ხელფასები გაეზარდათ სუს-ის უფროსის მოადგილეებს. პირველი პირველი მოადგილის ხელფასი წოდების მქონე მოსამსახურისთვის 14 995 ლარით, წოდების არმქონესთვის კი 13 370 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოადგილეს წოდების შემთხვევაში მათი თანამდებობრივი სარგო 13 385 ლარი, წოდების არქონის შემთხვევაში კი 12 230 ლარია.

მამუკა მდინარაძის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძეა, რომელმაც 2025 წელს თანამდებობა სამჯერ შეიცვალა. ის სპორტის სამინისტროდან იუსტიციაში, შემდეგ სუს-ში გადავიდა. სუსის უფროსის მოადგილეები ასევე არიან ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც სუს-ში ასევე იუსტიციის სამინისტროდან მივიდა, ლევან ხარაბაძე, რომელიც მანამდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო და თამაზ ბორაშვილი, რომელიც სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სახელფასო ანაზღაურება შეიცვალა ასევე უწყების ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და დეპარტამენტებშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის უფროსის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჯერ უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიანიჭა, შემდეგ 25 დეკემბრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროს ლეიტენანტს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მორიგი საშუალო სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის" წოდება, 26 დეკემბრის ბრძანებით კი „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“ წოდება მიანიჭა.

bm.ge