მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება.
flightradar-ის მონაცემებით, თბილისის დროით 10:46 წუთზე ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი უკვე 38 წუთის გამოფრენილი იყო მოსკოვიდან. თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ მითითებულია 12:22 საათი.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს 70-მდე ადამიანი მოჰყავს. თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც - საქართველოდან დაახლოებით 50 მგზავრი მიფრინავს.