კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
"საქართველოს პრეზიდენტი ბლოკავდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მმართველი პარტიის მიერ ლობირებულ ნათელა თურნავას.
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს რომლითაც მმართველმა პარტიამ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი შექმნა.
საერთაშორისო ინსტიტუტები მმართველ პარტიას ურჩევდნენ არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და ეროვნული ბანკის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხე არ შეექმნათ.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, საერთაშორისო ინსტიტუტების რჩევაც უგულებელყო და ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე პრეზიდენტად განაწესა.
მმართველი პარტიის წინაშე ვალში მყოფმა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ დაიწყო ვალის გასტუმრება და პარტიის დავალებების შესრულება, ეროვნული ბანკისა და საბანკო სისტემის სერიოზული საფრთხის მიუხედავად,"- წერს ლევან ალაფიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.