"მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ", - ამის შესახებ  "სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება" აცხადებს.

გაერთიანების წევრები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც გმობენ.

"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის- თავისუფლება , ღირსება და თანაგრძნობა. ჩვენი არჩევანი ევროპაა.ასევე ვგმბობთ, ჩვენი კოლეგა, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის კახაბერ ეცადაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ვკითხულობთ გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.