დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) წარმოადგინა კველვა - „კორუფცია გალში - რა ღირს მიმოსვლის და ბიზნესის თავისუფლება?“, სადაც ნათქვამია, რომ გალში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებლად ყალბი საბუთის დამზადება ასი ათასი რუბლი (დაახლოებით 3,110 ლარი) ღირს; სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დღიურად 300 რუბლს (დაახლოებით, 9.5 ლარი) იხდიან, ხოლო ბიზნესის დასაწყებად დე ფაქტო ხელისუფლება 1 მილიონ რუბლ (დაახლოებით 31,100 ლარი) ქრთამს ითხოვს.
იხილეთ DRI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად:
ვადაგასული ბინადრობის მოწმობები
გალელებს, რომლებმაც აფხაზური და რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს, 2017-2018 წლებში ე.წ. ბინადრობის მოწმობები დაურიგდათ, რაც დროებითი გადაადგილების დოკუმენტადაც ითვლება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლას გალის მცხოვრებლები სწორედ ამ მოწმობით ახერხებდნენ. თუმცა, ვინაიდან ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა 5 წელია, გალელების უმრავლესობა 2023 წლის დასაწყისისთვის გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე დარჩა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ („О правовом положении иностранных граждан“) აფხაზურ ე.წ. კანონში 2023 წლის იანვარში შეტანილმა ცვლილებებმა ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გაართულა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უკვე წერდა, რომ გადაადგილების დოკუმენტის გასაცემად, გალელებს ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურება მოსთხოვეს. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სტუდენტებისა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის. პრობლემის მოსაგვარებლად გალელებს კორუფციული გამოსავალი შესთავაზეს. გალში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებლად ყალბი საბუთის დამზადება ასი ათასი რუბლი (დაახლოებით 3,110 ლარი) ღირს.
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დოკუმენტის არ ქონის გამო გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა. ამჟამად, პრობლემის სრულად გადაწყვეტამდე და მოსახლეობის პროტესტის გასანეიტრალებლად, ფორმა #9-ის მოქმედების ვადა მარტის ბოლოდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა მოსახლეობას აფხაზეთში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ქრთამის გადახდა, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს.
ენგურის ხიდზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული გადასახადი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში გალსა და ენგურის ხიდს შორის მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დე ფაქტო მილიციაში დაიბარეს და მუშაობის უფლების გასაგრძელებლად, ქრთამი მოსთხოვეს. მძღოლები დღიურად 300 რუბლს (დაახლოებით, 9.5 ლარი) იხდიან, აქედან, როგორც ამბობენ, 100-100 რუბლი მორიგე მილიციელებისთვისაა განკუთვნილი, 100 რუბლი კი ადგილობრივი დე ფაქტო სახელმწიფო ავტო-საგზაო ინსპექციის („გაი“) უფროსს ზურაბ ჯინჯოლიას ეკუთვნის.
დამატებითი „გადასახადი“ ინვესტიციისთვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში წარმოშობით გალელ ინვესტორს, რომელმაც რეგიონში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქრთამის სახით 1 მილიონი რუბლი (დაახლოებით 31,100 ლარი) მოსთხოვეს. საწარმოს წარმატებით ფუნქციონირების შემთხვევაში, ბიზნესმენს დამატებით აცნობეს, რომ მოგებიდან წილი სამი მიმართულებით უნდა გაენაწილებინა: დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ადგილობრივი მილიციისთვის და ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისთვის. შედეგად, ინვესტორმა გალში ინვესტირებაზე უარი განაცხადა.