პარტნიორებთან როდესაც გვაქვს ურთიერთობა, ისინი იმეორებენ, რომ პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სინამდვილეში რამდენად სცემენ პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია, თუ არა პატივი სცე სხვა ხალხის ნებას და მის არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის გარეთ არიან ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს.
„ამ მხრივ ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიამ გაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ – საბჭოთა კავშირმა. ჩვენ რას ვერჩოდით ან ერთს, ან მეორეს, ვერჩოდით მთავარ რამეს, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ ჩვენს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის არჩევანს. ახლაც ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს. კარლ ბილდტზე არ დავწვრილმანდები, ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, რომელიც ფულით მოქმედებს და ჩათვალეთ, რომ ყოველი მისი განცხადების უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. ის ვიღაცამ დაიქირავა ზუსტად იმისთვის, რომ ასეთი იდეები გააჟღეროს. ეს არჩევნები ევროკავშირისთვის თუ ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის ბრიუსელისთვის არის გამოცდა და ტესტი იმისა, რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპელი პოლიტიკოსები თუ ლიდერები. ეს არის ტესტი, არიან თუ არა ერთგული ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემის, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარკვეული ძალებისგან დღესაც არსებობს სურვილი, საქართველო გარედან იმართოს.
„სხვა რისი გამოვლენა იყო ის, რომ პარლამენტის წინ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ, რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, ეს არის უპატივცემულობა სუვერენიტეტის, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა არის ის, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორისო წესრიგი. ის წესრიგი, რომელსაც დღეს ართმევს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმით და ის, ვინც ამ ფრაზებს იმეორებს საქართველოსთან დაკავშირებით, იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ქვეყნები, რომლებიც პატივს არ სცემენ სხვის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ, ვაკვირდებით ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება, ვინ არის ნამდვილი ევროპელი, პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ხალხთა სუვერენიტეტს და ვინ არის ფარისეველი, ევროპულ ნიღაბს ამოფარებული პოსტსაბჭოთა ლიდერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.