კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ EU-ს მიერ საქართველოს ჯარისთვის 30 მლნ ევროს დახმარების გაყინვაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა.
„ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატო-ს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა, რათა მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ გაყინულია 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვას ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა. მისი თქმით, გაერთიანების პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.