მიმდინარე წელს კომერციულ გადაზიდვებს შავ ზღვაში განხორციელებულმა თავდასხმებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა. The Wall Street Journal-ის (WSJ) ინფორმაციით, შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საზღვაო მარშრუტად აქცია.

საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს შავ ზღვაში 300-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. შედეგად, 30-ზე მეტი მეზღვაური დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. შედარებისთვის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთსა და ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 130 თავდასხმას 25 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს შემთხვევები აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.

თავდასხმები ორივე მხარის მიერ ხორციელდება. უკრაინული დრონები რუსულ გემებს, პორტებსა და ტერმინალებს უტევენ, რაც რუსეთის საზღვაო გადაზიდვებსა და ნავთობის ექსპორტს აფერხებს. თავის მხრივ, რუსეთის დარტყმებმა უკრაინის შავი ზღვის პორტების, განსაკუთრებით ოდესის მიმდებარე ტერიტორიის, კომერციული გემებისგან დაცლა გამოიწვია. შედეგად, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის, არამედ საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებიც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმების გავრცელება NATO-ს წევრი ქვეყნების, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან. WSJ-ის ინფორმაციით, ოქტომბერში რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში ან მათ მიმდებარე საზღვაო ზონებში დრონების თავდასხმის შედეგად რვა სავაჭრო გემი დაზიანდა. კიდევ ორი გემი ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხვდა თავდასხმის ქვეშ, ხოლო ერთი — უკრაინის იზმაილის პორტთან, მას შემდეგ, რაც მან ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროების გასწვრივ გაიარა. შემთხვევების თითქმის ნახევარს ეკიპაჟის წევრების დაღუპვა, დაშავება ან დაკარგვა მოჰყვა.

შეტევების გახშირებამ შავ ზღვაში გემების მოძრაობაც მნიშვნელოვნად შეამცირა. გემების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოსული გემების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით შემცირდა. ორივე მიმართულებით გემების საერთო ტრანზიტი კი 38%-ით დაეცა. დარჩენილი გემების უმეტესობა ჩრდილოეთ და ცენტრალურ შავ ზღვაში გადაადგილებას ერიდება და სანაპირო ზოლთან ახლოს მოძრაობს.