დავით კეზერაშვილს, რომელიც თანამშრომლებს “ფორმულას” თავისი წილის ნახევრის გადაცემას დაჰპირდა, საქართველოში გაცემული ვალიდური დოკუმენტი არ აქვს. ამ მიზეზით საჯარო რეესტრმა მას ერთხეულ უკვე უთხრა უარი გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნაზე. იპოვის სხვა გზას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპირების შესასრულებლად?
“თაღლითობის გლობალური ქსელი” - BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “ფორმულას” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად არის უარი თქვას ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე.
ეს გადაწყვეტილება მან ტელეკომპანიის თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.
“[წილების გადაცემის] იდეა არის კარგი. ნებისმიერი გამოცემის რეპუტაცია დგას თანამშრომლების კვალიფიკაციაზე და მაყურებლის დამოკიდებულება მეტწილად შექმნილია მათ მიერ, ვინც არხზე მუშაობს. გადაარჩენს თუ არა ეს ცვლილებები იმ დამოკიდებულებებისგან ან კრიტიკისგან, რომელიც აქვს არხს, ძალიან რთულია წინასწარი პროგნოზი…” - ამბობს ნათია კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” დამფუძნებელი.
18 აპრილისთვის, ანუ იმ მომნეტისთვის, როდესაც დავით კეზერაშვილმა წერილობით განაცხადა: “მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს”, საქართველოში გაცემულ მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვადა უკვე გასული ჰქონდა.
ვრცლად იხილეთ radiotaviupleba.ge