კეზერაშვილი გეგმავდა $15 მლნ -ის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მისი თქმით, „ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი“.

„დაახლოებით ერთი წლის წინ კეზერაშვილს ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც საკუთარ თანამოაზრეებს გააცნო ასეთი გეგმა, ის გეგმავდა 15 მლნ დოლარის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან თქვა ასეთი რამ დამატებით, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ 15 მლნ დოლარი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში. რომელ თანხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს. ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომელიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს, NGO-ების  გავლით. რა თქმა უნდა, მას აქვს ასეთი დავალება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, ყველამ იცის, ვინ არიან დანარჩენი რადიკალი ოპოზიციონერები, აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი, მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა, ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ჩვენი ამოცანა იცით, რაც არის - დღეისათვის გვაქვს დაახლოებით 60%, თუმცა გვინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია.  მაღალი ლეგიტიმაცია გვჭირდება არა მხოლოდ იმისათვის, რომ შემდეგი ოთხი წელი გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ, გჭირდება იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამარცხდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის გარედან, ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა“, - განაცხადა პრემიერმა.