საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ღონისძიებას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ტრანსატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები იყო.