პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო 2030 წელს იქნება ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების იმ დონეზე, როდესაც ევროკავშირი შესაძლოა, აქეთ შეეხვეწოს გაწევრიანებას.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს თარიღი — 2030 წელი — დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი, როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. ჯერ კიდევ 2011 თუ 2012 წელს ითქვა. იმიტომ რომ საქართველოს გრძელვადიანი გეგმა აქვს, 2030 წელს იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის… ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველით. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ეკონომიკური განვითარების ტემპებით“, — აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

პაპუაშვილის თქმით  საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარებით, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებს — ეკონომიკური ზრდის ტემპებით.