„თურქეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“ - ვლადიმერ პუტინსა და ერდოღანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ამ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში რუსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. რუსული მედიის ცნობით, ერდოღანმა რუსეთის ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. რუსეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია გადასცა შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ," - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მოხსენებაში.

კრემლის უწყებით, თურქეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს არსებულ ფონზე რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

თურქული მხარის ინფორმაციით, თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ვითარების სწრაფად მოგვარებაში. 

„პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. საუბრისას რუსეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ვითარების სწრაფად მოგვარებაში," - ნათქვამია განცხადებაში.