ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ.

„ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, არის შიდა საქმეები მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ ისიც თქვა, რომ უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა "დიფ სთეითმა" გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც, მისივე შეფასებით, არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე.  პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა.

„ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი. იყო პირველ რიგში დიფ სთეითი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებულიყო. იყო სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც დიფ სთეითმა ჩაიდინა უკრაინელი ხალხის და კაცობრიობის წინაშე.  არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ომი შემდგარიყო“, - განაცხადა პრემიერმა.