"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "ცეცხლი ოლიგარქიას!" - ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილს ე.წ. „ბალაკლავა“ უკეთია, ასევე უკეთიათ ნიღბები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, რითაც, მათივე განმარტებით, პროტესტს და დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ კანონის მიმართ, რომელიც ნიღბების ტარებას კრძალავს.

პროტესტის მონაწილეებს უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მომდინარე აქციას შეუერთდებიან.

წყარო: ipn.ge

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 52-ე დღეს თბილისში, ფილარმონიასთან დაწყებულ აქციაზე დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, სახეები დაიფარეს. ამ საპროტესტო აქტში მრავალი ათეული ადამიანი იღებს მონაწილეობას.

აქციის მონაწილეები სახეს ნიღბებით, კაშნეებით, „ბალაკლავებით“ თუ პირბადეებით იფარავენ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამავე აქტისათვის დღეს თემქის პოლიციასთან დააკავა ექვსი ადამიანი, მათ შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი, ასევე, უფლებადამცველების თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.

საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე, - შეზღუდვაზე, რაც „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა მიიღო და მიხეილ ყაველაშვილმა - რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - მოაწერა ხელი ინაუგურაციის პირველივე დღეს.

ფილარმონიასთან დაწყებული მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რამდენიმე საათით ადრე თემქის (ამჟამად ზღვისუბნის) პოლიციის შენობასთან მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დააკავეს - დაკავებები სახის ნიღბით/კაშნით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო.

სახის დაფარვა აქციებზე რამდენიმე კვირის წინ აიკრძალა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით.

თემქაზე პოლიციელები ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან მივიდნენ და სახის გამოჩნა სთხოვეს, რასაც მოქალაქე დაემორჩილა და, თვითმხილველთა თქმით, საკუთარი ვინაობაც გააცნო პოლიციელებს, მალევე კი ნიღაბი კვლავ გაიკეთა.

„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, - უთხრა მათ გურამ მაცხონაშვილმა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

ნორმით, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს მოაწერა ხელი, იკრძალება „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ და ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით.

6 იანვარს პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა აქციაზე სიმბოლურად ასევე გაიკეთეს პირბადეები.

წყარო: რადიო თავისუფლება