საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს აშშ და ევროკავშირი გამადიდებელი შუშით აკვირდება - ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი არჩევნები იყო განხილვის მთავარი თემა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზეც.

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაფნა რენდმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ოლოფ სკუგმა საქართველოში თავისუფალი/სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ჟურნალისტის თქმით, მხარეებმა არჩევნების გარდა სამოქალაქო სექტორის მდგომარეობაზეც იმსჯელეს.

"ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოს საკითხის განსახილველად ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაფნა რენდმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ოლოფ სკუგმა საქართველოში თავისუფალი/სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე და ევროკავშირის მისწრაფებებზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს და სამოქალაქო საზოგადოებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს." - ნათქვამია ალექს რაუფოღლუს მიერ X-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"ვაშინგტონს აშფოთებს, რომ "ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნების მოპარვა აქვს განზრახული," - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში „რენდის კორპორაციის“ წევრი უილიამ კორტნი საუბრობს. კორტნის თქმით, აშშ-ში აშფოთებთ ისიც, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს, რადგან "ოცნების" რიტორიკა ლუკაშენკოს რიტორიკას ძალიან ჰგავს. 

"უკვე რამდენიმე თვეა, ვაშინგტონს აშფოთებს, რომ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები მოიპაროს. ვაშინგტონს ასევე აშფოთებს ენა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აშშ-სა და დასავლეთის შესახებ იყენებს. ეს ძალიან ჰგავს წარსულში ალექსანდრე ლუკაშენკოს რიტორიკას. ამიტომაც არსებობს ძლიერი შეშფოთება, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს,' - ამბობს „რენდის კორპორაციის“ წევრი უილიამ კორტნი.

ჰერბსტის თქმით, ვაშინგტონში ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ოლიგარქის დასანქცირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, თუმცა მეორე ნაწილი საპარლამენტო არცევნების შედეგებს ელოდება.

ამასთან, "ატლანტიკური საბჭოს" წევრი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, რთული იქნება არჩევნებს "სამართლიანია" ეწოდოს.

"ვფიქრობ, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ძალიან მალე ვიხილავთ. ვაშნგტონში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ახლავე უნდა მოხდეს. ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ დანამდვილებით ვხედავთ ნაბიჯებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რთული იყოს, არჩევნებს სამართლიანი ვუწოდოთ," - ამბობს ჯონ ჰერბსტი. 

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ის, რაც დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხდება, სწორედ საქართველოს ხელისუფლების "დამსახურებაა". ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე ვაშინგტონის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი მათი სანქცირებაა.

"მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი მათი სანქციების აღსრულებაა. ასეთი სანქციების დაწესებამ შესაძლოა, თავი უკეთ გავგძნობინოს იმის დანახვით, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ საინტერესოა, პრაქტიკულად რას შეცვლის ეს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ, რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ის, რომ მიგიწვიონ, შემდეგ კი ეს მიწვევა გააუქმონ. ვფიქრობ, ეს ძალიან სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც ხდება, იქნება ეს პრეზიდეტ ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმება თუ მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრების გაუქმება ან ნატოში საქართველოს წევრობასთან დაკავშრებით რაიმე პროგრესის მოუხსენიებლობა, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რაც საქართველოში ხდება," - ამბობს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. 

 ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ პრობლემა სწორედ საქართველოს დღევანდელ მთავრობასა და ივანიშვილშია, რომელსაც ქვეყანა ანტიდემოკრატიული გზით მიჰყავს.

"საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია, რომ გავაგზავნოთ ისაა, რომ დავასანქციროთ ივანიშვილი, კობახიძე და ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს იმ მიმართულებას, საითაც ახლა ქვეყანა მიჰყავთ. სანქციებში ვგულისხმობ მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს და მათი აქივების გაყინვას. ეს მათთვის ყველაზე ნათელი და ხმამაღალი გზავნილი იქნება. პრობლემა საქართველოს ახლანდელ მთავრობაში -„ქართულ ოცნებაში“ და ბიძინა ივანიშვილშია. პრემიერ-მინისტრმა იმდენი სისულელე და უპასუხისმგებლო რამ თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა არა როგორც დემოკრატიული ხელისუფლება, არამედ ავტორიტარული, პრორუსული რეჟიმი. თუ ასე აპირებენ მოქცევას, მაშინ მათი ადგილი არაა დემოკრატიებთან ერთად მიღებაზე, - განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორმა დევიდ კრამერმა.