რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში, ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეიმურაზ ზაქრაძემ საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართულო ოცნება“ „ნირწამხდარია“, რადგან საბოლოოდ გაიაზრეს, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ივანიშვილის გუნდის გეგმები, პოლიტიკური ხედვები და შეხედულებები ერთმანეთს სცდება.

„აქამდე ამბობდნენ, რომ ტრამპი მათ პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა ნირწამხდარები არიან, მიხვდნენ, რომ ძალიან „შეტოპეს“- ტრამპმა რომც მოინდომოს, მათ მხარდასაჭერ სიტყვასაც ვეღარ დაძრავს.

ამ რეჟიმს ყველა მხრიდან თოკი აქვს მოჭერილი და მათი საშველი არ ჩანს. ახალი არჩევნები ,,ოცნებისთვის" ხსნაა, რომ რაღაცნაირად პოლიტიკურ ველზე დარჩეს, თუნდაც ოპოზიციის სახით. ევროკავშირთან ვაჭრობის გამო ქართულ ბიზნესს კეთილგანწყობა აქვს შექმნილი. რეალურად, ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მსხვილი კაპიტალის მიერ დასაქმებული 20%, 80% უმუშევარია, რადგან საშუალო კლასი არ არსებობს და შესაბამისად, ვერ დაასაქმა ხალხი. ეს ეკონომიკა რაც გვაქვს იმის ნახევარია, რაც უნდა იყოს.

ამ წელს ბანკებმა ორი მილიარდის მოგება ნახეს, როგორ შეიძლება ქვეყანაში მხოლოდ საბანკო სისტემა იყოს და საფონდო ბაზარი არ არსებობდეს? საფონდო ბაზარი რომ გვქონდეს, ბანკები 3%-ზე მაღლა კრედიტის გაცემას ვერც კი გაბედავდნენ. ახლა კრედიტებს, 30%-ში გასცემენ, ე.ი ათჯერ მეტი ფასი აქვთ დადებული.

გვარწმუნებენ, რომ ეკონომიკა იზრდება, სინამდვილეში ზრდა სწორედ ამის ხარჯზე ხდება.

9-პუნქტიან გეგმაში ჩვენ სწორედ დეოლიგარქიზაცია მოგვეთხოვება - ვეღარ გამოვა, ზოგი ხორცს ჭამდეს, ზოგი- კომბოსტოს და გამოდიოდეს, რომ საშუალოდ ტოლმას ვჭამთ.

დეოლიგარქიზაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ  სახელმწიფოსგან თავისუფალი საფონდო ბაზარი შეიქმნას“,- აღნიშნა თეიმურაზ ზაქრაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ზაქრაძის შეფასებით, ახლა გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრი სწორედ აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის შორის საქართველოა.

„სამწუხაროდ, საქართველოში ევროპელები ისეთივეები ჰგონიათ, როგორი პოლიტიკოსებიც ჩვენ გვყავს. როცა ისინი ამბობენ: ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ ეს ზუსტად ასეა, სხვა კონტექსტი და მნიშვნელობა არ აქვს.

სანქციები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, იქ, ქვემოთ, კიდევ უფრო მეტი გზაა, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოების ერთობას, სხვა ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედოს. ჩვენ გეოპოლიტიკური ორღობე რომ ვიყავით, ამიტომაც არ გვქონდა ერთიანი სახელმწიფო, არც უკრაინას ჰქონდა, რადგან ჩვენ გეოპოლიტიკური წესრიგის ინტერესში არ შევდიოდით. ახლა პირიქითაა- აღმოსავლეთ ევროპაა მთავარი პოლიტიკური ორგანიზმი, ბალტიიდან შავ ზღვამდე. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წესრიგის დამყარებაში მონაწილეობს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენ სათანადო დონეზე ვიყოთ და შევასრულოთ ის ფუნქცია, რაც გვეკისრება.

ჩვენ, ქართველი ხალხი, თავისუფლები ვართ იმით, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს: არც ეკონომიკა, არც ქონება. თუ ეკონომიკა არ არის თავისუფალი ავტომატურად ავტოკრატისკენ მიდის, თუ თავისუფალია - დემოკრატიისკენ. ნაცისტური გერმანია 2-3 წელიწადში გახდა დემოკრატიული და კომუნისტები იძულებულნი გახდნენ, აღმოსავლეთ გერმანია შემოეღობათ, რათა დემოკრატიული განწყობები საბჭოთა მხარეს არ გადასულიყო, ამის ფუნდამენტი საბაზრო ეკონომიკაა. კორეის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, სამხრეთ კორეა მდიდარი, თავისუფალი ქვეყანაა, ჩრდილო კორეაში კი ავტოკრატიით იღუპებიან, ჰგონიათ, რომ მთვარეზე მათი ხომალდი დაჯდა.

ეკონომიკური თავისუფლება იძლევა განათლებას, ქმნის მოთხოვნას უკეთეს ცხოვრებაზე, ადამიანს მენტალურად ცვლის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფუნდამენტურად იცვლება ხელისუფლების მოტივაციაც“,- განაცხადა თეიმურაზ ზაქრაძემ.